გორში, 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა მემორიალი, განთავსდება თუჯის სკამები, ბეტონის ფილები და ბორდიურები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მემორიალი, რომლის ძირითადი მასალაც ლითონია, ეროვნული დროშის ფერებში იქნება წარმოდგენილი. ლითონის ფურცლებით დაფარული მსუბუქი კონსტრუქცია მონოლითურ ბეტონის საძირკველზე დამონტაჟდება. ფირფიტებზე 9 აპრილს გარდაცვლილი 21 ადამიანის სახელი და გვარი იქნება დატანილი.
„სკვერი, რომელიც გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ათეული წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მოეწყო. ობიექტს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.