ბედმან თბილისს მომაშორა დროებით, სტუმრად მოველ ქალაქ გორში - რატომ გაატარა იეთიმ გურჯმა გორში სამი წელი
ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, იეთიმ გურჯმა (ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი 1875-1940 წწ.), თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი ქართლში გაატარა. გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი სახალხო მელექსე და ლოტბარი, სამი წლის განმავლობაში, გორში, მაშინდელი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა და დუდუკის ყამიშებისა (ყამიში - დუდუკის ძირითადი ნაწილი, ლელის ან ლელქაშისგან დამზადებული ბრტყელი ორმაგი მილაკი, GMnews -ი) და წიგნების გაყიდვით ირჩენდა თავს. გორის მემატიანე, ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი აღნიშნულ ცნობებს საკუთარ წიგნში მმგორის ისტორია“ ერთ-ერთ ბეჭდვურ გამოცემაზე დაყრდნობით გვაწვდის: „1914 წლიდან, დროებით, სამი წლის განმავლობაში გორში ცხოვრობდა იეთიმ გურჯი. მას, რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო, თბილისში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა. „ბედმან თბილისს მომაშორა დროებით, სტუმრად მოველ ქალაქ გორშია“, - წუხილით ამბობს პოეტი საკუთარ ლექსში - „ქართლის ქალაქ გორშია“.
გორში, იეთიმ გურჯი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ის სირაჯ (ღვინისა და არყის გამყიდველი, GMnews -ი) სტეფანე აკოფოვის სახლში, ბაზრის ბოლოს ცხოვრობდა და დუდუკის ყამიშების დამზადება-გასაღებითა და წიგნების გაყიდვით ირჩენდა თავს“, - ვკითხულობთ მამისთვალიშვილის ნაშრომში -„გორის ისტორია“ (მეორე ტომი, 2019 წლის გამოცემა).
ცნობისთვის, იეთიმ გურჯი ლექსებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თხზავდა და აქტიურად მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში.