გორის საკალათბურთო გუნდმა „ივერიონი - გორი“ ტყიბულის „ორბი“ 64:55 დაამარცხა.
გორის გუნდმა, სუპერლიგაში მოხვედრის მიზნით, უკვე სამი თამაში გამართა, მათ შორის ორი წარმატებით დაასრულა. მთავარი მიზნის მისაღწევად „ივერიონი - გორს“ კიდევ 7 მატჩის თამაში მოუწევს, თუმცა, გამარჯვების მოპოვებას „ა“ ლიგის მონაწილე კიდევ 5 გუნდი ცდილობს.
უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი „ა“ ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდსაც რჩება. ის საკვალიფიკაციო რაუნდში სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს ხვდება და, გამარჯვების შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ „ივერიონი - გორი“, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს, 2022 წელს შეიქმნა. გუნდმა, რომელშიც მოწვეული სპორტსმენებიც თამაშობენ, მნიშვნელოვან წარმატებას დაფუძნების წელსვე მიაღწია. პროექტის ფარგლებში, გუნდთან ერთად შეიქმნა კალათბურთის საბავშვო აკადემიაც.
შეგახსენებთ, რომ გორის გუნდი სუპერლიგისთვის წელს პირველად იბრძვის.