სპორტი
23.01.2023 13:12
დღეს, 23 იანვარს, „ივერიონი - გორი“ ტყიბულის „ორბს“ უმასპინძლებს

გორის კალთბურთის გუნდი სუპერლიგაში მოსახვედრად პირველად იბრძვის.

„ივერიონი - გორი“ სუპერლიგაში გადასასვლელად „ა“ ლიგის წევრ სხვა კალათბურთის გუნდებს დაუპირისპირდება.

მორიგი შეხვედრა დღეს, 23 იანვარს, 18:00 საათზე გორის სპორტის სასახლეში გაიმართება და „ივერიონი - გორი“ ტყიბულის „ორბს“ უმასპინძლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დონის კალათბურთის მატჩი გორში დღემდე არ ჩატარებულა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, „ივერიონი - გორი“, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს, 2022 წელს შეიქმნა.

გუნდმა, რომელშიც მოწვეული სპორტსმენებიც თამაშობენ, მნიშვნელოვან წარმატებას დაფუძნების წელსვე მიაღწია და „ა“ ლიგის წევრი გახდა.

საკალათბურთო ინვენტარი, რომელიც გორს არასდროს ჰქონია, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ „ივერიონი - გორს“ წარმატების მიღწევის შემდეგ გადასცა.

გორის მერიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გუნდთან ერთად შეიქმნა კალათბურთის საბავშვო აკადემიაც. აკადემიაში, ამ ეტაპზე, 100-მდე აღსაზრდელი პროფესიონალურ დონეზე ეუფლება კალათბურთს და მათ როგორც გორელი, ასევე მოწვეული სპეციალისტები ავარჯიშებენ.

კვირის ამბები