გორის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა გააქტიურების მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭომ მორიგი აქტივობა განახორციელა და საზოგადოებისთვის სპეციალური კალენდარი გამოსცა.
როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ვერა ბიწაძემ აღნიშნა, საბჭოსთვის მნიშვნელოვანია ქალები თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, რადგან მოქალაქეთა გენდერულად დაბალანსებული ჩართულობა თვითმმართველობის პროცესებში, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 3-წლიანი (2022-2024 ) სამუშაო გეგმის თანახმად, ერთ-ერთი მიმართულებაა „ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.
წარმოდგენილი კალენდარი ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც დაინტერესებულია მუნიციპალიტეტის საქმიანობით და ორიენტირებულია ხალხის სასიკეთოდ შეცვალოს რაიმე. ვიმედოვნებთ, რომ კალენდარი ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას, დაინტერესებას, ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესებში. ეს კი საბოლოოდ დაგვეხმარება იმაში, რომ ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა გახდეს უფრო მეტად ანგარიშვალდებული, ხოლო მათი საქმიანობა - ქალთა საჭიროებებზე მორგებული“, - აღნიშნა ვერა ბიწაძემ.
რაც შეეხება კალენდარზე დატანილ ინფორმაციას, მონიშნულია გენდერული თანასწორობის საბჭოს, საკრებულოს, ბიუროს კომისიის სხდომების გამართვის დღეები, ასევე, ჩანიშნულია გენდერული კვირეულის და პროექტის - „საკრებულო ახალგაზრდებისთვის“ ჩატარების თარიღები.