საზოგადოება
20.01.2023 14:56
გორის მერია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს და სკოლიოზით დაავადებულებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს

გორის მუნიციპალიტეტის მერია, აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვებს და სკოლიოზით დაავადებულ პირებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს. მერიაში აცხადებენ, რომ დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარების წლის ლიმიტი 2000 ლარია.

სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება კი, შემდეგს ითვალისწინებს: II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების (ასაკი: 0-დან 18-წლის ჩათვლით; სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000-ის ჩათვლით) მკურნალობა, ლიმიტი - 300 ლარი;

II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე(არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით, გაიცემა 300 ლარი)

მერიის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებიც, რაც 350 ლარიან წლიურ ლიმიტს გულისხმობს. კუთვნილი დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.

კვირის ამბები