საინტერესო ამბები
19.01.2023 17:58
სავალდებულო დადგენილება გორში ლოთობის აკრძალვის შესახებ

ქალაქ გორში ლოთობამ მიიღო სისტემატური ხასიათი, - ამის შესახებ გორის არქივში დაცულ იმ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც სამაზრო აღმასკომს 1924 წელს გამოუცია და არაფხიზელ მდგომარეობაში ქუჩაში გადაადგილებასა და ხმაურზე სანქციები დაუწესებია.

,,დამრღვევნი ამა დადგენილებისა მიცემულნი იქნებიან პასუხისგებაში ადმინისტრაციულ წესით, კერძო მოქალაქენი ათის თუმნის გადახდით ან დაპატიმრებით გამასწორებელ სახლში ორი თვის ვადით“, - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ქეთევან მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

სავალდებულო დადგენილება ლოთობის აკრძალვის შესახებ-1924 წ.

,,სამაზრო აღმასკომის მიერ შემჩნეულია, რომ ქალაქ გორში ლოთობამ მიიღო სისტემატური ხასიათი და ხშირად მოქალაქენი და მით უმეტეს მუშა მოსამსახურენი დაიარებიან ქუჩაში ღვინით დამთვრალნი და არღვევენ ჩვეულებრივ მცხოვრებთა მყუდროებას და წესიერებას.

სამაზრო აღმასკომი ადგენს:

  1. ეკრძალებათ ყველა მოქალაქეთ და მით უმეტეს მუშა მოსამსახურეთ ქუჩაში სიმთვრალის დროს სიარული თუ ამას მოსდევს ყვირილი, ჩხუბი, ლანძღვა, გინება და სხვა.
  2. ეკრძალებათ სიმთვრალის დროს ეტლებით სიარული, ზურნით, გარმონით და სხვა რაიმე საკრავებით, სიმღერით და ყვირილით.
  3. ეკრძალებათ არა სიმთვრალის დროსაც ქუჩაში მრავლად შეჯგუფება, ხმამაღლა ყვირილი და აურზაურის ატეხა ან ჩხუბი და კრივი.

დამრღვევნი ამა დადგენილებისა დარღვევისათვის მიცემულნი იქნებიან პასუხისგებაში ადმინისტრაციულ წესით, კერძო მოქალაქენი ათის თუმნის გადახდით ან დაპატიმრებით გამასწორებელ სახლში ორი თვის ვადით, მხოლოდ მუშა მოსამსახურენი სამსახურიდან დათხოვნით და ორი კვირის ვადით დაპატიმრებით.

ამა დადგენილების მეთვალყურება ევალება სამაზრო მილიციას, დადგენილება ესე შედის ძალაში დღიდან მისი გამოქვეყნებისა“, - აღნიშნულია გორის სამაზრო აღმასკომის 1924 წლით დათარიღებულ დადგენილებაში, რომელსაც აღმასკომის თავმჯდომარე ქურდაძე და მდივანი - ქერეჭაშვილი აწერენ ხელს.

კვირის ამბები