გორის მერია მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას 2023 წელსაც აგრძელებს
გორის მერიისგან სოციალურ დახმარებას სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები 2023 წელსაც მიიღებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „გორის მაცნე“ მოგაწვდით ინფორმაციას კონკრეტულად რომელი კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოხსენებული პროგრამით სარგებლობა.
მერიის სოციალური პროგრამით ისარგებლებენ: ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები, მკურნალობა, მედიკამენტები); შშმ პირები; დიალიზზე მყოფი პირები; სოციალურად დაუცველი მოსახლეობა; სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები; დედ-მამით ობოლი ბავშვები; ვეტერანები; მრავალშვილიანი ოჯახები; ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები; მარტოხელა მშობლები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლები; უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა); ყოფილი მსჯავრდებულები; სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი); ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები; პროგრამა ასევე ითვალისწინებს მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული პროგრამა ითვალისწინებს გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსებასაც.
კუთვნილი თანხის მისაღებად ბენეფიციარებმა წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია კი, შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.