საზოგადოება
18.01.2023 11:43
დაცულია თუ არა სურსათის უვნებლობის მოთხოვნები შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კვების ობიექტებში
შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული საზოგადოებრივი კვების ობიექტების ცოდნის დონე სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შესახებ დაბალია, - აღნიშნულის შესახებ კვლევის შედეგს ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია აქვეყნებს.

ინფორმაციის მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა 35 % (175 ობიექტი) ფიქრობს, რომ იცნობს საქართველოს კანონმდებლობას სურსათის უვნებლობის შესახებ და თვლიან, რომ ობიექტზე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი სურსათის უვნებლობის სისტემა აქვთ, თუმცა, მათ პასუხებზე დაყრდნობით მხოლოდ 3.2 % (16 ობიექტი) იცავს სურსათის უვნებლობის ისეთ მინიმალურ მოთხოვნებს, როგორებიცაა: სანიტარული ტანისსამოსის ტარება; HACCP სისტემის დანერგვა; ეტიკეტირების წესები; ნედლეულის ტემპერატურის, ტენიანობის, აერაციის სათანადო რეჟიმები; სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციამ კვლევა 2022 წლის ივნისიდან პროექტის „სურსათის უვნებლობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ კვების ობიექტებში მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით“ ფარგლებში განახორციელა.
კვირის ამბები