საზოგადოება
22.01.2020 14:00
საქართველოში შემოტანილი სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტირებული სათამაშო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სათამაშოების უსაფრთხოების რეგლამენტი დამტკიცდა. ახლადდამტკიცებული წესი იმპორტის გზით საქართველოში შემოტანილი და ბაზარზე განთავსებული სათამაშოების კონტროლის მექანიზმების ამოქმედებას გულისხმობს.
ტექნიკური რეგლამენტი იმ პროდუქტებზე ვრცელდება, რომლებიც 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი (მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა).
პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილ დოკუმენტში შესულია სათამაშოს უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები. ამასთან, ბრძანებით განისაზღვრა, ბაზარზე ზედამხეველობის სააგენტოს უფლებამოსილება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომლის თანახმადაც, უწყების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების მიზნით, პროდუქტის ნიმუში აიღონ. დადგენილი სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს ხარვეზის გამოსასწორებლად ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა. კომპანიებისთვის მიცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქცია ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას დაექვემდებარება. როგორც ცნობილია, მსგავს დარღვევებზე იგეგმება ფულადი ჯარიმების დაწესებაც, თუმცა, აღნიშნული სანქცია მოგვიანებით, 2021 წლიდან ამოქმედდება.
კვირის ამბები