კონფლიქტები
17.01.2023 19:19
ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით არსებულ ე.წ. გადასასვლელებზე ამჟამად არსებული გადაადგილების პრაქტიკა გაგრძელდება

ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით არსებულ ე.წ. გადასასვლელებზე ამჟამად არსებული გადაადგილების პრაქტიკა გაგრძელდება, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, შეხვედრის ცხინვალელმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადასასვლელებზე ამჟამად მოქმედი პრაქტიკა გაგრძელდება და მოქალაქეებს ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

,,სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰუმანიტარულ საკითხებსაც, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ე.წ. გადასასვლელებზე გადაადგილება. როგორც შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა აღნიშნეს, ამჟამად არსებული პრაქტიკა გაგრძელდება და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით არსებულ ე.წ. გადასასვლელებზე მოქალაქეებს ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში გადაადგილების საშუალება მიეცემათ. რაც შეეხება ე.წ. ,,პროპუსკებს“, რომლებსაც მოქმედების ვადა ამოწურული აქვთ, მათ განაცხადეს, რომ პრობლმა არ იქნება და მიმართვის შემთხვევაში, მოხდება მოქმედების ვადაგასული ,,პროპუსკების“ შეცვლა“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში დღეს რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართა. მორიგი შეხვედრა 2 მარტს შედგება.

კვირის ამბები