კონფლიქტები
17.01.2023 19:14
ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იყო - ირაკლი ანთაძე

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რიგით 110-ე შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს.

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იყო.

,,რაც შეეხება გუშინ დაკავებულს, საქმე ეხება სოსო დვალიშვილის დაკავების ფაქტს, მისი უკანონოდ დაკავება მოხდა სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა  განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ე.წ. პროცედურები. ეს ადამიანი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ სხვა პირებს, ცალკეულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას გავუზიარებთ დაკავებულების ოჯახის წევრებს და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პირები მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა ანთაძემ.

არსებული ინფორმაციით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

კვირის ამბები