საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში განაცხადა. ანთაძის ინფორმაციით, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.
,,გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვადრაზე და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი“, – აღნიშნა ანთაძემ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი, რიგით 110-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.