საზოგადოება
22.01.2020 13:20
პაატა იმნაძე საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებაზე: რამე ტიპის შეზღუდვა, რეკომენდაცია ან ზომა ქვეყანას ჯერ არ მიუღია
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებაზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. იმნაძის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია.
„მსგავსი შემთხვევა იყო 2002 წელს, როდესაც გავრცელდა კორონავირუსი, სახელწოდებით - ატიპური პნევმონია. დაავადება საუდის არაბეთში აქლემებისგან გადაედო ადამიანებს. ესეც ახალი ტიპის კორონავირუსია, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ. მოგეხსენებათ, გარდაცვალების რამდენიმე ფაქტიც მოჰყვა უკვე ამ ტიპის კორონავირუსს ჩინეთში. რაც შეეხება რისკებს, დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. უფრო მეტიც, ევროპულ ქალაქებს ყოველდღიური მიმოსვლა აქვთ ჩინეთის ამ პროვინციასთან სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ იქ არ არის პანიკა. ვფიქრობ, ჩვენთან გავრცელებული პანიკური შიში გადაჭარბებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კვირის ამბები