16 იანვარი წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ხსენების დღეა. ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი 1863 წელს დაიბადა.
უნდა აღინიშნოს, რომ ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლი ქართველი ერის თვითმყოფადობის გადარჩენის კუთხით, უდიდესია. 1921 წელს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მოსვლისთანავე მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში - საფრანგეთში წავიდა, მთავრობამ გადაწყვიტა, არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი ღირსებით ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას. მისი უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველო საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.
ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის თებერვალში, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა.
ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ 16 იანვარი დაწესდა.