გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საფეხმავლო ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან 26 მაისის სანაპირომდე არსებულ ტროტუარზე ჩატარდება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიგეგმა.
პროექტის მიხედვით, დაიგება ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, დამონტაჟდება ბაზალტის ბორდიურები, სანიაღვრე ცხაურები, მოაჯირები და გადაიხურება სარდაფები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის ფართობი 1 600 კვადრატული მეტრი, სიგრძე კი 435 მეტრია.
პროექტის ღირებულება 378 000 ლარია.
„აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ანტისანიტარიის გამო მერიას რამდენჯერმე მომართეს და პროექტი მათი მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საფეხმავლო ბილიკის აღნიშნულ მონაკვეთს წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია და გარევაჭრობის შედეგად, ტროტუარი დაზიანებული და დანაგვიანებული იყო, აქ განთავსებული დახლები კი, მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდა. გარემოვაჭრეებს, ვინც ამ ტერიტორიაზე ეწეოდა საქმიანობას, გორში არსებულ ბაზრებზე ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, შეღავათებით ისარგებლონ“, - აცხადებენ გორის მერიაში.