საზოგადოება
16.01.2023 14:21
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, ამერიკაში „ომიკრონის“ ახალი ვარიანტიც დაფიქსირდა

„ომიკრონის“ სუბვარიანტი, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვლინდა. აღნიშნულის გარდა, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა,

მატება შეინიშნება საქართველოშიც, რაც დაკავშირებული იყო საახალწლო მობილობის ზრდასთან, - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექცური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით,  ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად 200-300-ს აღწევს.

„რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო კოვიდის პიკიდან გამოვიდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც რამდენიმე კომპონენტში გაუარესება აღინიშნება. მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მომატა, მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვალების შემთხვევებმაც. ამერიკაში დაფიქსირდა ახალი დომინანტური შტამის „ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტი - ე.წ. XBB.1.5. ექსპერტების აზრით, ეს სუბვარიანტი ხასიათდება „ომიკრონის“ წინა ყველა სუბვარიანტზე უფრო მეტი გადამდებლობით.

ევროპასა და ჩინეთში ამ შტამის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.

საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 სუბვარიანტი.

სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს მონაცემებით, ჩინეთში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ჩინეთის მთავრობა ზუსტ მონაცემებზე არაფერს ამბობს.

ბოლო პერიოდში საქართველოშიც აღინიშნა ახალი შემთხვევების მატება, რაც დაკავშირებული იყო საახალწლო მობილობის ზრდასთან. დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 200-300 შემთხვევას არ აღემატება“,- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები