საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შედეგად დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს სახელფასო დანამატები უკვე დაუწესდათ. ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარისკაცები, 200-დან 800 ლარამდე თანხას მიიღებენ - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის ბრძანების თანახმად, დანამატები ოთხი კრიტერიუმით განისაზღვრა: 1- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 800 ლარის ოდენობით; 2 - კიდურის ნებისმიერი დონის ამპუტაციის ან თვალის დაზიანების (ანოფთალმი/სიბრმავე) მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 600 ლარის ოდენობით; 3 - სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 250 ლარის ოდენობით; 4 -სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 200 ლარის ოდენობით;
ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.