საზოგადოება
13.01.2023 14:05
გადამამუშავებელმა საწარმოებმა გასულ წელს 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს - სოფლის განვითარების სააგენტომ ანგარიში გამოაქვეყნა

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა  საწარმოებმა  73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17,7 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ. ლარს აღემატება, - აღნიშნულის შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა.  პროგრამაში ჩართვა შეეძლო  ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიდნენ“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის,  მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამამუშავებელი 15 საწარმო  იბარებდა.  

 

კვირის ამბები