თავდაცვის ახალი კოდექსით, დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
გრიგოლ გიორგაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა და სასულიერო პირებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ.
„კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია. პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.