საზოგადოება
11.01.2023 13:26
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ დაიწყო

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ დაიწყო.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მონაწილეობდნენ.

ფესტივალის სტუმრებს, ტრადიციულად, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა.

რაც შეეხება ღონისძიების პროგრამას, „გენეთლია 2023“ - ის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, გაიმართა კონფერენცია და კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა არაფორმალური საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიების ჩატარება აუცილებელია. მინისტრის თქმით, სწორედ ამას ემსახურება ყოველწლიური ფესტივალი „გენეთლია“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოსწავლეებს მრავალფეროვან, სახალისო და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.

წლევანდელ ფესტივალში საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლები, გორის და ატენის ეპარქიის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები