შრომის უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების ახალი რეგლამენტი დამტკიცდა
სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
ახალი რეგლამენტი სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს ადგენს და რეგულაციები ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცეზე, მათ შორის, სამუშაო სივრცეზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკრეტული სამუშაო პროცესების რისკების შეფასების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა დასაქმებულები, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უნდა უზრუნველყოს.
„დამსაქმებელმა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა უნდა განსაზღვროს დასაქმებულის პროფესიის გათვალისწინებით და მიაწოდოს ინფორმაცია მათი გამოყენების ზოგადი წესის შესახებ. დამსაქმებელმა დასაქმებულს და სხვა პირებს უსასყიდლოდ უნდა მიაწოდოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, აგრეთვე უზრუნველყოს მათი გამართული ფუნქციონირება და სათანადო ჰიგიენური პირობების დაცვა შესაბამისი მოვლის, შეკეთების და შეცვლის გზით. სამუშაო სივრცეში, სადაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება სავალდებულოა, დამსაქმებელმა არ უნდა დაუშვას არც ერთი პირი შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და 2023 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.