საოკუპაციო რეჟიმს არ ერიდება და ულტიმატუმის ენით საუბრობს, როცა ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას ითხოვს - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ციხელაშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ახალგორში, სადაც მოსახლეობა სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისშია.
„ჩვენ გაყინულ კონფლიქტებთან არ გვაქვს საქმე. სიტუაცია იქ სტატიკური არ არის და დინამიურია ნეგატიურ კონტექსტში, როცა საქმე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება. ორივე - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება. ყოველწლიურად 130 სამხედრო წვრთნის ჩატარებამ ოკუპირებული ტერიტორიები და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი დიდ სამხედრო ბაზად აქცია, რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი. 300 000 ადამიანს, რომელიც დევნილობაშია, უარს ეუბნებიან საკუთარ სახლში დაბრუნებაზე, ხოლო იქ დარჩენილი ადამიანები განვითარების მცირე პერსპექტივის წინაშე დგანან. საოკუპაციო რეჟიმს არ ერიდება და ულტიმატუმის ენით საუბრობს, როცა ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას ითხოვს. ეს ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ახალგორისთვის, სადაც მოსახლეობა სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისშია. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად, უარი ეთქვათ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაზე“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.