რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი დაინფიცირების რაოდენობამ იანვარ-თებერვალში მოიმატოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მედიასთან განაცხადა.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოში, ძირითადად, კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს. ქვეყანაში პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე კი კორონავირუსი 30%-ით. ჩხაიძის განმარტებით, სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადასვლა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.
„სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლის რეკომენდაცია გამომდინარეობს ინფიცირებულების რაოდენობიდან, თუ რამდენად ბევრია. ნათელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწვავე რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია. იმ მონაცემებში, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე გვქონდა პიკური პერიოდი კალენდარულ 46-ე კვირას, ნოემბრის ბოლოდან კი შემცირდა გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელება.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გრიპისმაგვარმა შემთხვევებმა იანვარ-თებერვალში მოიმატოს. დღევანდელი მონაცემებით, პიკი უკვე გადავლილია, შესაბამისად, სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა საჭირო არ არის, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ვიმედოვნებ, რომ ტრაგიკული არ იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინაცია კვლავ ერთ-ერთ რეკომენდაციად რჩება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.