საზოგადოება
10.01.2023 12:18
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირების დაწყების დრო 12:00 საათია.

უწყების ინფორმაციით, დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში, აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

„ტესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით გაიარეს რეგისტრაცია, ამასთან, განცხადებით არ მოითხოვეს რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს. ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების შესახებ გამოქვეყნდება 2023 წლის 17 იანვარს ვებგვერდზე – https: // directors. mes. gov. ge.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

კვირის ამბები