კულტურა
21.01.2020 17:07
ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები შეიცვალა

იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, ექვს წლამდე ასაკის, მზრუნველობასმოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მატარებელი საქართველოს მოქალაქეები ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან. სამუზეუმო მომსახურების ფასი 1 ლარით განისაზღვრა მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის, ხოლო ზრდასრული პირებისა და უცხოეთის მოქალაქეებისთვის 15 ლარი გახდა. როგორც GMnews-ს უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის დირექტორმა, ბადრი გასპაროვმა განუცხადა, მომსახურების ტარიფები 1-ლი იანვრიდან შეიცვალა.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მონახულების ღირებულება ახალი წლიდან შეიცვალა. მართალია, აქამდე არსებული ტარიფი გაცილებით გაიზარდა ზრდასრული პირებისა და უცხოეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს მუზეუმის მონახულება უფასოდ შეუძლიათ. შეღავათი დაწესდა რამდენიმე სხვა კატეგორიის მოქალაქისთვისაც. შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის  შემდეგ, სპეციალური ტარიფით ყველა ზემოთჩამოთვლილი კატეგორიის პირი ისარგებლებს“, - აღნიშნა ბადრი გასპაროვმა.

„მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოემსახურება და შემეცნებითი და გასართობი ელემენტებით აღჭურვისკენ იქნება მიმართული. ამავდროულად, გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვირის ამბები