ანგელინა ბებო, - ასე ეძახის დიდ-პატარა სკრის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ანგელინა ხიდაშელს. არადა, მართლა ყველას ბებოა და მიუხედავად გადატანილი დიდი ტრაგედიისა, ყველას ადგილი აქვს გულში, უყვარს ადამიანები და უყვარს მათი სიხარული.
„გორის მაცნე“ წინასაახალწლოდ ესტუმრა ანგელინა ხიდაშელს.
84 წლის ანგელინა უკვე მე-15 ახალ წელს ხვდება დევნილობაში, თუმცა, ამბობს, რომ წლებმა ისე სწრაფად გაირბინა, უჭირს დაჯერება, რომ იმ ავბედითი დღეებიდან 15 წელი გავიდა...
ლიახვის ულამაზეს ხეობაში, სოფელ ხეითში დაიბადა, წარჩინებით დაამთავრა თბილისში ტექნიკუმის ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ ინსტიტუცის დაამთავრა და იმჟამინდელი ოლქის სოფელ სვერში გაანაწილეს სამუშაოდ - 24 წლის იყო, ბიბლიოთეკის გამგედ რომ დანიშნეს. სვერელმა ნოდარ პაპელიშვილმა მოიტაცა ლამაზი ქალი და სამი ვაჟი შეეძინათ.
წლების შემდეგ კი, სამივე ვაჟკაცი მიაბარა მიწას: უფროსი - რამაზ პაპელიშვილი აგვისტოს ომის დროს დაიღუპა, შუათანა, ანზორი - აფხაზეთის ომში, ხოლო მესამე - ემზარი, ნიჟნი ნოვგოროდში გარდაიცვალა, მერე მეუღლეც გარდაიცვალა და დარჩა მარტო. სამი ვაჟის დედას ერთადერთი შვილიშვილი ჰყავს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს.
„ემზარის გოგო ჰყავს, ჩემი მოსახელეა, შვილთაშვილი გამიჩინა - ტიმოფეი და დამპირდა, რომ მომავალ წელს აუცილებლად ჩამოვა საქართველოში“, - გვითხრა მოხუცმა.
„ახალი წლის შესახვედრად საგანგებოდ ვემზადებოდით. სოფელში ძველით ახალ წელს ვზეიმობდით და ტყიდან ჩამოტანილ ნაძვის ხეს საგანგებოდ ვრთავდით ჩირებით, ჩურჩხელებით, კანფეტებით და უხაროდათ ბავშვებს... საახალწლოდ ღორიც აუცილებლად იკვლებოდა და ინდაურებიც. გავშლიდით სუფრას და მეკვლეს ველოდებოდით, მოხარშულ ღორის თავზე ყური მას უნდა მოეჭრა და სახლში შემოსვლისას, აუცილებდად სკამზე უნდა დამჯდარიყო, რომ კრუხი კვერცხებზე დამჯდარიყო და ბევრი წიწილა გამოეჩეკა, ანუ დოვლათი რომ ჰქონოდა ოჯახს“, - გვიყვება ანგელინა ბებო.
მეთხუტმეტე წელია, მარტო ცხოვრობს დევნილობაში ანგელინა ბებო, თუმცა, დღე არ გავა, დევნილ მეზობლებს არ უმასპინძლოს. ამ ახალ წელსაც ერთი მთავარი სურვილი აქვს - შვილიშვილის და შვილთაშვილის ნახვა და იქ, შინ, სვერში დაბრუნება.