სამართალი
01.01.2023 17:15
ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა

2023 წლის 1-ლი იანვრიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები გამკაცრდა. სანქციების გამკაცრება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და  სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მოხდა.

კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„ცივი იარაღის ტარება“ ისეთი გარემოების არსებობასაც გულისხმობს, როდესაც პირი ცივ იარაღს იმგვარად ატარებს, რომ მისი დაუყოვნებლივი გამოყენება მოხდეს.

კვირის ამბები