საზოგადოება
30.12.2022 11:04
საუკუნოვანი სკოლა გორის მუნიციპალიტეტში

დამდეგი შობა-ახალი წელი სსიპ ოლეგ ჭონიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა „ქიდს-ლენდის“ მსახიობებთან ერთად იზეიმეს. ეგრეთ წოდებულმა „გრინჩმა“ - ავთანდილ ტიტვინიძემ, ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქა და თოვლის პაპამაც საჩუქრები დაურიგა.

აღსანიშნავია, რომ ბეთლემის საჯარო სკოლას აგვისტოს ომის გმირის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის - ოლეგ ჭონიშვილის სახელი პედაგოგიური კოლექტივის, მოსწავლეების და სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიენიჭა.

„გორის მაცნესთან“ საუბარში სკოლის დირექტორმა ლომარ წიწილაშვილმა აღნიშნა, რომ სკოლა 1924 წელს გაიხსნა და დამსახურებული პედაგოგების თავდაუზოგავი შრომით, ამ სკოლაში არაერთი წარმატებული ადამიანი აღიზარდა, დღეისთვის კი აქ 60 მოსწავლე ეუფლება ცოდნას.

„საახალწლო ზეიმია ჩვენს სკოლაში, ვულოცავ ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს, მშვიდობას და წარმატებებს ვუსურვებ ყველას. ერთი წლის შემდეგ სკოლის არსებობის 100 წლის იუბილეს ვიზეიმებთ. ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანები არიან. საამაყოა ისიც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, ოლეგ ჭონიშვილი, რომელიც მტერთან უთანასწორო ბრძოლის დროს გმირულად დაიღუპა, ჩვენი სკოლის აღზრდილია და ორმაგი პასუხისმგებლობაა მისი სახელობის სკოლის ხელმღვანელობა“, - აღნიშნა ,,გორის მაცნესთან" საუბრისას სკოლის დირექტორმა.

კვირის ამბები