საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ მოქმედებს შეზღუდვები, რამდენიმე მიმართულებით კი, მოძრაობა სრულად ან ნაწილობრივ აღდგენილია.
,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ. 1-კმ. 52 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, დროებით აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
რაც შეეხება ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 38-ე კმ-ს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება ავტოსატრანსპორტო მოძრაობის სრულად აღსადგენად“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, შეზღუდვა მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზეც და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე. ორივე მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებულია.