სპორტი
28.12.2022 15:25
„საქართველოს სუმოს თასი 2022“-ის გამარჯვებული გორელი ლუკა ავაზაშვილი გახდა
გორში, წელს პირველად „საქართველოს სუმოს თასი 2022“ გაიმართა. შეჯიბრს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლამ უმასპინძლა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სუმოისტები მონაწილეობდნენ.
„სუმოს თასი 2022“-ის გამარჯვებული, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, გორელი სპორტსმენი ლუკა ავაზაშვილი გახდა.
როგორც „გორის მაცნესთან“ საუბარში სუმოს მწვრთნელმა შიდა-ქართლში მერაბ პაიჭაძემ აღნიშნა, შეჯიბრში საერთაშორისო შედეგების მქონე 18 სუმოისტი მონაწილეობდა, მათგან 6 გორელი იყო და საპრიზო ადგილი ყველა მათგანმა დაიკავა.
85 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა ბიგანაშვილმა ბრინჯაო, დემეტრე ბზიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა;
100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზეთა შორის ანრი მჭედლიძე ვერცხლის მედალს, ზურა მაჭარაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა;
მძიმე წონაში (+100 კგ.) ბადრი ხატისკაცი და ლუკა ავაზაშვილი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში ბადრი ხატისკაცი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს სუმოს თასი 2022“ -ის გორში ჩატარება სუმოს შიდა-ქართლის ფედერაციის პრეზიდენტის გიგა გელაშვილის დამსახურებაა. ტურნირის ორგანიზატორები კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო გახლდნენ. რაც შეეხება ტურნირის  გამარჯვებულს - ლუკა ავაზაშვილს, გასულ წელს იგი ევროპის ჩემპიონის, წელს კი ევროპის ორგზის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა (მძიმე და აბსოლუტური წონა), ასევე, 2021 წლის ევროპის ჩემპიონია ბადრი ხატისკაციც“, - გვითხრა მერაბ პაიჭაძემ.

კვირის ამბები