21.01.2020 14:06
წელს აბიტურიენტის ცნობარი აღარ დაიბეჭდება და მხოლოდ ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი აღარ დაიბეჭდება და მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი, - აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.
„ამ დრომდე, გამოცდების ეროვნული ცენტრი ბეჭდავდა ცნობარს აბიტურიენტებისთვის, თუმცა, ახლა გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონული სახით იყოს ხელმისაწვდომი. გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე ზოგიერთ უნივერსიტეტს ეცვლებოდა სტატუსი, ან კონკრეტულ პროგრამას ავტორიზაცია, აკრედიტაცია უწდებოდა/ენიჭებოდა, ცნობარში კი ბოლო სიახლეების აღნიშვნა შეუძლებელი იყო და აბიტურიენტებს, ფაქტობრივად არასწორ ინფორმაცია ჰქონდათ. ახლა, ჩვენ შეგვიძლია, ეს ცვლილებები ონლაინ რეჟიმში ავსახოთ და აბიტურიენტებსაც შესაძლებლობა ექნებათ ბოლო სიახლეებს ელექტრობულად გაეცნონ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
რაც შეეხება ცნობარის გამოქვეყნების ვადებს და რეგისტრაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცნობარი თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება, ხოლო რეგისტრაცია მარტის პირველ კვირაში დაიწყება.