საზოგადოება
28.12.2022 11:32
საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და ავსტრალიაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მაჩვენებლის მკვეთრად მატება

მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება COVID-ის ნახევარ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. ბოლო დღეებში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და ავსტრალიაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მაჩვენებლის მკვეთრად მატება ფიქსირდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაციასაიმედო და სტაბილურია, თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალი შემთხვევების სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს.

,,ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში (იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ავსტრალია და სხვ.) აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია. ზოგადად, მსოფლიოში, ყოველდღიურად ფიქსირდება COVID-ის 500 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. შემაშფოთებელია სიტუაცია ჩინეთში, სადაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ყოველდღიურად ფიქსირდება ათეულობით მილიონი COVID-ის ახალი შემთხვევა.

საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა - სულ 6 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. ამის მიუხედავად, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში COVID-ის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და მოითხოვს ჩვენგან სიფხიზლის გაძლიერებას და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას.

მივმართავთ მოსახლეობას, არსებული რისკების გათვალისწინებით რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება COVID-ზე რაც შეიძლება მალე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები. მყარად უნდა გვახსოვდეს, რომ პირველივე დღეებში დაწყებული ანტივირუსული მკურნალობა (პაქსლოვიდით ან რემდესივირით), სათანადო ჩვენებების შემთხვევაში, პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური გამოსავალი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

კვირის ამბები