საზოგადოება
27.12.2022 15:23
2023 წლიდან სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება
მომავალი წლიდან სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველი იანვრიდან ცვლილება 1100-ზე მეტ, ქრონიკულ, ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება და ფასების რეგულირება 2 დონეზე მოხდება.
„მაქსიმალურად გვინდა დავაზღვიოთ საერთაშორისო ბრენდების და ორიგინალი მწარმოებლების ყოფნა ქვეყანაში. გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, ამიტომ 2 დონეზე განვსაზღვრავთ ფასს. ეს იქნება, როგორც ორიგინალი მედიკამენტების, ასევე მათი გენერიკების ღირებულების მაქსიმალური ჭერი. ავიღებთ მაქსიმალურ, საბითუმო გასაყიდ ფასს და იქიდან გამომდინარე აფთიაქებს უკვე შეეძლებათ მარჟების განსაზღვრა. მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით, ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ.
ჩვენ მომხმარებლის ინტერესთან ერთად გავითვალისწინეთ სექტორის ინტერესიც. სწორედ აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ 2-დონიანი მეთოდოლოგია, რომელიც ერთი მხრივ დააზღვევს დეფიციტს სხვადასხვა მოლეკულაზე ქვეყანაში და ასევე შეინარჩუნებს გონივრულ, კომერციულ ინტერესს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს 2026 წლისთვის მოსახლეობისთვის ქრონიკულ მედიკამენტების ხარჯის, მინიმუმ 92% დაფარვას გეგმავს.

„სახელმწიფო დააფინანსებს, თავისი მოქალაქეებისთვის ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ფასწარმოქმნაც იყოს სამართლიანი“, - აღნიშნა მინისტრმა.
კვირის ამბები