საინტერესო ამბები
21.01.2020 14:00
მცდარი სამედიცინო მითი თუ რეალობა - მკურნალობის ხალხური მეთოდები
საზოგადოებაში დღემდე შემორჩა მცდარი შეხედულებები და მკურნალობის ხალხური მეთოდები, რომლებზე დაყრდნობამაც შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიღოს.
ძმრიანი წინდები სიცხის დროს, მდოგვის საფენები... ბევრ მკითხველს, ამაზე, ალბათ, ბავშვობა უფრო გაახსენდება, ვიდრე ვირუსებთან ბრძოლის გავრცელებული მეთოდი. ისე კი, ერთი რამ ცხადია, სამედიცინო მითები შესაძლოა, ლოგიკურ ვარაუდებზე დაყრდნობით იქმნებოდა და იქმნება, თუმცა, ეს მათ ჭეშმარიტებას სულაც არ გულისხმობს.
GMnews-ი გთავაზობთ საზოგადოებაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ოთხ მცდარ სამედიცინო მოსაზრებას.
1. ცხვირიდან სისხლდენის დროს უკან გადავწიოთ თავი - არსებობს ერთი ასეთი ფართოდ გავრცელებული მითი, რომლის თანახმადაც ცხვირიდან სისხლდენის დროს, თავი უკან უნდა გადავწიოთ - ეს მხოლოდ მითია, არანაირი სამედიცინო ახსნა არ მოეძებნება და მეტიც, სისხლდენის დროს თავის უკან გადაწევამ, შესაძლოა, დაშავებულის ასპირაციაც (სისხლის სასუნთ გზებში მოხვედრა) კი, გამოიწვიოს.
2. ალკოჰოლი უებარი წამალია გაციებისას - რეალობა ასეთია, ალკოჰოლის მიღების შემდეგ პერიფერიული სისხლძარღვები ფართოვდება. თბილი სისხლი დიდი რაოდენობით მიედინება პერიფერიისკენ და ჩნდება იმის შეგრჩნება, თითქოს გავთბით. სინამდვილეში, სასმელი ამ ეფექტს მოტყუებით იძლევა და რეალურად, კი არ ვთბებით, სითბოს უფრო მეტი რაოდენობით გავცემთ.
3. მავნე ჩვევა, თითების ტკაცუნი ართრიტს, ე.წ. სახსრების ანთებას იწვევს - სახსრებს შორის პერიოდულად წარმოიქმნება ჰაერის ბუშტუკები, რომლის გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ხმა. ასეთი გატკაცუნების შემდეგ, 15 წუთი ადამიანს აღარ შეუძლია გააკეთოს იგივე, რადგან ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნას ზუსტად ეს დრო სჭირდება. თითების გატკაცუნება გამოიწვევს სახსრების ანთებას ან მარილების დაგროვებას - ეს მოსაზრება სწორედაც რომ მითია, თითების ხშირმა ტკაცუნმა შეიძლება, უბრალოდ, თითების სისუსტე გამოიწვიოს.
4. ადამიანი თავის ტვინის 10%-ს იყენებს - ინტერნეტმომხმარებლისთვის მსგავსი შინაარსის ფრაზები საკმაოდ ნაცნობია. ხშირ შემთხვევაში, პროცენტული მაჩვენებელი იცვლება, თუმცა, ის ფაქტი, რომ ადამიანი ტვინს სრულად იყენებს, არსად წერია. ჭეშმარიტება კი ესაა - ფიქრის, კითხვის, წერისა თუ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს, ჩვენი ტვინი პროცესში მთლიანად ჩართულია.
კვირის ამბები