2022 წელს მიღწეული წარმატებებისთვის გორელი სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დაჯილდოვდნენ
2022 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის გორელ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და გუნდებს სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
ღონისძიება, რომელიც, ტრადიციულად, წლის ბოლოს იმართება, გორის თეატრში ჩატარდა და სპორტის 13 სახეობაში (თავისუფალი, ქართული, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძიუდო, კრივი, კიკბოქსინგი, პარამკლავჭიდი, კალათბურთი, ფეხბურთი, სამბო, სუმო, ფრენბურთი, ხელბურთი) მოღვაწე 100-მდე წარმატებული სპორტსმენი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ 100-სპორტსმენიდან 30-მა საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზა. მსოფლიო და ევროპის შეჯიბრებებიდან მათ საქართველოში 37 მედალი: 8 - ოქრო, 13 - ვერცხლი და 16 ბრინჯაო ჩამოიტანეს.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ 7 ნომინაციაშიც:
წლის საუკეთესო სპორტსმენი - გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა);
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი - საბა სამადაშვილი (ძიუდო);
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა - ანნა გოდელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა);
წლის საუკეთესო მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე (თავისუფალი ჭიდაობა);
წლის საუკეთესო მწვრთნელი - ვერა შავშიშვილი (კალათბურთი);
წლის საუკეთესო სკოლა - ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა;
წლის საუკეთესო გუნდი - ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „გორის დილა“.