საზოგადოება
23.12.2022 16:11
გვინდა, რომ ჩვენი ბენეფიციარები კეთილმოწყობილ პირობებში ცხოვრობდნენ, ამაზე ვმუშაობთ - გორის მერი სოციალურ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობაზე

შენობა, რომელშიც ბენეფიციარები ამჟამად იმყოფებიან, რეაბილიტაციას საჭიროებს. ყოველწლიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც შენობას უტარდება, არ არის საკმარისი, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში არსებულ პირობებზე მედიის მხრიდან დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

,,სოციალური საცხოვრისი ჩვენთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. გვინდა, რომ ჩვენი ბენეფიციარები კეთილმოწყობილ პირობებში ცხოვრობდნენ, ამაზე ვმუშაობთ, შენობა, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან, რეაბილიტაციას საჭიროებს. ყოველწლიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც შენობას უტარდება, არ არის საკმარისი, საუბარია მასშტაბურ პროექტზე, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, ვიძიებთ ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება ამის განხორციელება. უახლოეს მომავალში, როცა უკვე ჩამოყალიბებული იქნება პროექტი, აუცილებლად გაგაცნობთ", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ მერია მოსახლეობას საფრთხის წინაშე არ დატოვებს.

,,შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენ მოსახლეობას ამ საფრთხის წინაშე არ დავტოვებდით, რაც შეეხება იმას, ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, კიდევ სამსჯელოა და გადასაწყვეტია, მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ ჯობია, რეაბილიტაცია არ ჩაუტარდეს და ახალი, ალტერნატიული ფართი შევთავაზოთ. ვნახოთ, როგორი იქნება მსჯელობა, საბოლოო დასკვნები და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა გორის მერმა.

კვირის ამბები