გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი 67 მილიონით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 13 მილიონი ლარით მეტია.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერიც. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა.
,,დავესწარი საკრებულოს სხდომას, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი იყო 2023 წლის ბიუჯეტი. 2023 წლის ბიუჯეტი გადანაწილებულია მოსახლეობის საჭიროებისამებრ, განხილვისას ასევე იყო კითხვები საკრებულოს წევრების მხრიდან და ამ კითხვებს გაეცა შესაბამისი პასუხები.
2023 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 67 მლნ. ლარით, რა თქმა უნდა, ამას წლის განმავლობაში კიდევ დაემატება სხვადასხვა ფონდიდან შემოსული თანხები, შემოსავლები, ბიუჯეტი გადანაწილებული გახლავთ ძირითად პრიორიტეტებზე, ეს მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება და ა.შ.", - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტს კენჭისყრაში მონაწილე 23 წევრიდან 21-მა დაუჭირა მხარი, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია ,,გახარია გორისთვის" ორმა წვრმა, საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და კამათის შემდეგ სხდომა დატოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ოპონენტების პოზიციას არაობიექტურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი მერიის და საკრებულოს სერიოზული ნამუშევარია.
,,გორის მუნიციპალიტეტის თითოეულ მოსახლეს ვულოცავ 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელიც მიმდინარე წელთან შედარებით, 13 მილიონით არის გაზრდილი. ჩემი სურვილია, საბიუჯეტო სახსრები მოხმარდეს ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დაყენებულია ჩვენი მოსახლეობის მიერ. რაც შეეხება საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობის პროცესს, ოპონენტებმა, ამ შემთხვევაში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ", არ მიიღო ბოლომდე მონაწილეობა ამ პროცესში, კამათშიც კი არ შემოვიდნენ ბოლომდე და დატოვეს სხდომა, ბიუჯეტს არ მისცეს ხმა. კენჭისყრაში მონაწილეობდა 23 წევრი და ბიუჯეტი დამტკიცდა 21 ხმით. ფრაქცია „გახარია გორისათვის“ ორმა წვრმამხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს. რაც შეეხება ჩემს შეფასებას, გეტყვით, რომ ბიუჯეტზე მუშაობდა არამარტო მერია, არამედ საკრებულოს თითოეული წევრი და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ სერიოზული ნამუშევარი იყო", - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ფრაქცია ,,გახარია გორისთვის" წევრების პოზიციას, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა ფანიაშვილი აღნიშნავს, რომ წარდგენილი შენიშვნებიდან ბიუჯეტის პროექტში არ იყო გათვალისწინებული არცერთი მათგანი.
,,ბიუჯეტს არ დავუჭირეთ მხარი ორი მიზეზის გამო: ერთი არის შინაარსობრივი საკითხი, მეორე კი - პოლიტიკური. შინაარსობრივი არის ის, რომ ახალმა მერმა ვერ შემოგვთავაზა ახალი ხედვები 2023 წლის ბიუჯეტში და ახალი ბიუჯეტი არის იგივე, რაც იყო 2022 წლის ბიუჯეტი, უბრალოდ, არის გადმოკოპირებული და თანხები არის ცოტა გაზრდილი - ეს შინაარსობრივი მხარე, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაიგზავნა 54 'შენიშვნა, რომელთაგან არცერთი არ იქნა გათვალისწინებული, მეტსაც გეტყვით, რომ მმართველო პარტიის მხრიდან გაიგზავნა 142 შენიშვნა და მათგან მხოლოდ 10 არის გათვალისწინებული და ისიც, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ეს ბიუჯეტი ვერ ასახავს იმ საჭიროებებს, რაც რეალურად არსებობს, ამიტომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს", - განაცხადა მამუკა ფანიაშვილმა.