კულტურა
21.12.2022 23:00
გიორგი სოსიაშვილი ლიტერატურული კონკურსის - „მუზა“ ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „მუზა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული გორის უნივერსიტეტის რექტორი, მწერალი გიორგი სოსიაშვილი გახდა.

ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიის მოსაპოვებლად უწყებას 113-მა განმცხადებელმა მიმართა. 4 ნომინაციის ნაცვლად, წელს „მუზას“ გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ლიტერატურული პრემია „მუზა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“, კრებულისთვის „იალები“ - გიორგი სოსიაშვილმა დაიმსახურა.

გამარჯვებულებს გადაეცათ პრემიის სიმბოლო - მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზას“ მიხედვით შექმნილი ქანდაკებები და ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარდა).

ცნობისთვის, ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2021 დაფუძნდა სახელწოდებით - „წლის საუკეთესო“, თუმცა, კონკურსის წარმატებიდან და მის მიმართ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს კონკურსი განახლებული სახით და ახალი სახელწოდებით - „მუზა“ - ჩატარდა.

„კონკურსი ყოველწლიურად სექტემბერში გამოცხადდება. მისი მიზანია: ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები