საზოგადოება
21.12.2022 11:21
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მარტში დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ერთსართულიან შენობას, სადაც 30-მდე აღსაზრდელი იღებდა სკოლამდელ განათლებას, სრული რეაბილიტაცია უტარდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩასტარებია.

პროექტის მიხედვით, იცვლება სახურავი და კომუნიკაციები, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზო, ატრაქციონები და სამუშაოები 2023 წლის მარტში დასრულდება.

„მომავალი წლიდან, სოფელში მცხოვრებ პატარებს, თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში აშენდა სამი (მეჯვისხევი, მეღვრეკისი, გორი - ანწუხელიძის ქუჩა) და მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა (საქაშეთი, ახალდაბა). რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, ქვახვრელის და ხელთუბნის საბავშვო ბაღებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2023 წლის 1 იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით და, მათ შორის, გორშიც აქტიურად დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება, რომლის ღირებულებაც მილიარდ ლარზე მეტია.
კვირის ამბები