2020 წელს, ქალაქის მასშტაბით, 29 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადი რეაბილიტირდება - ინფორმაციას, აღნიშნულის შესახებ, გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების განმარტებით, შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სატენდერო ღირებულება 1 391 000 ლარია. რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ დაგეგმილია დაზიანებული ნალესის ჩამოხსნა, აღდგენა და შეღებვა, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლება, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენა და შეღებვა. ამასთან, განხორციელდება კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობისა და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცვლის სამუშაოებიც.
ცნობისთვის, აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება: სტალინის გამზირზე №1, №,2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №12, №13, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, №25, №27, №29, №31, №33 კორპუსების, ჭავჭავაძის გამზირზე №28, №47, №51 კორპუსებისა და ამილახვრის ქუჩაზე №23 კორპუსის ფასადებზე.