გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბოძები დაამონტაჟეს. აღნიშნული ბოძების ინსტალაცია დაახლოებით, 100 მეტრ მანძილზე განხორციელდა. დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები, ან საცხოვრებელი სახლები არ მოქცეულა. აღნიშნული უკანონო სამუშაოები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ განახორციელეს, დღეს კი, ე.წ. მესაზღვრეები გამყოფ ხაზთან აღარ გამოჩენილან.
იმ ადგილზე, სადაც ლითონის ბოძების მონტაჟი განხორციელდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ მავთულხლართი იყო გავლებული. ოკუპირებული ტერიტორიის სხვა მონაკვეთებზე, სადაც ანალოგიური ბოძები დაამონტაჟეს, შემდგომ ამ ბოძებზე მავთულბადეების ინსტალაცია განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მომხდარ ფაქტზე საქმის კურსშია ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, აღნიშნული ფაქტი კი, ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.
ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ფაქტის განხილვა ვერ მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ფორმატში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრები, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიზეზით, აღარ იმართება.