საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ახლადაშენებული სამსართულიანი ყაზარმა გახსნა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი შენობა მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, აღმოსავლეთ ჯარების სარდალთან როლანდ ძნელაძესთან და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურთან ზაზა შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ყაზარმა ნატოს სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. შენობა აღიჭურვა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით და სველი წერტილები მოეწყო, დაიგო ახალი იატაკი, განახლდა ჭერი, კედლები და განათების სისტემები. ახლადაშენებულ ყაზარმაში ახალი ავეჯი და ინვენტარი განთავსდა. ბრიგადაში ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც შესრულდა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია და ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.