კერძო და საჯარო სექტორის მორიგი თანამშრომლობა - სოფელ საქაშეთის დევნილთა ჩასახლებაში, საქველმოქმედო კამპანიის - ,,ბავშვებისთვის" ფარგლებში, შიდა ქართლის გუბერნიის და კომპანია ,,გალფის" ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, საქაშეთის ჩასახლებაში მცხოვრებ 85 ოჯახს საოჯახო-საყოფაცხოვრებო პროდუქტები გადაეცა. იმ ოჯახებს კი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან, პროდუქტებთან ერთად, საჩუქრად პატარებისთვის გაკუთვნილი სათამაშოებიც გადასცეს. საქველმოქმედო კამპანიისთვის საჭირო თანხის დიდი ნაწილის მობილიზება კომპანია ,,გალფმა" 25-31 დეკემბერს გამართული აქციით შეძლო, სადაც თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი აღნიშნული პროექტის ფონდში ირიცხებოდა. დევნილ ოჯახებს საჩუქრები შიდა ქართლის გუბერნატორმა და კომპანია ,,გალფი“-ს წარმომადგენლებმა გადასცეს.
„ეს გახლავთ კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით ბევრი კარგი საქმის კეთება შეიძლება. ამჯერად, საქაშეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 85 ოჯახს გაეწია დახმარება და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გავახარეთ პატარებიც“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.