უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე მისასვლელად მდინარე მტკვარზე საავტომობილო ხიდი აშენდება. საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, შესაბამის სამუშაოებს კომპანია ,,construction service“ შეასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს. პროექტის მიხედვით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება, ხოლო საგზაო-ინფრასტრუქტურული ობიექტი სახელმწიფოს 2023 წელს ჩაბარდება. ახალი საავტომობილო ხიდი დღეისთვის არსებული გადასასვლელის გვერდით აშენდება. მშენებლობის დასრულებამდე, ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები კვლავ ძველი ხიდით ისარგებლებენ. კომპანია ,,construction service“, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთას 1869905 ლარად შეასრულებს.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე მისასვლელი ხიდი, რომლითაც ქვეითები და მძღოლები ამჟამად სარგებლობენ, XX საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. არსებულის ახალი საგზაო-ინფრასტრუქტურული ობიექტით ჩანაცვლება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მისი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.