ქვეყნის მასშტაბით 155 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი უკვე აიზომა, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოს დასრულდება
გასული წლის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით 155 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი აზომეს. საკუთრების უფლება უკვე დარეგისტრირდა 59 ათასზე მეტ მიწის ფართზე, - აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გნაცხადა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა , როდესაც დაახლოებით 1 მილიონ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მქონეთა ვინაობა არის გაურკვეველი. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიზნად ისახავს გაირკვეს ყველა მესაკუთრის ვინაობა, იქნება ეს კერძო პირი, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტი და გადაიჭრას ეს პრობლემა, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე აწუხებს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წლის პირველი იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს 59 მუნიციპალიტეტში სამი წლის განმავლობაში პროაქტიურად, მოქალაქეთათვის სრულიად უსასყიდლოდ, წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკით აზომავს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
რეფორმა მიმდინარეობს სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ საზღვრებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულად2024 წლის ბოლოს დასრულდება.