საზოგადოება
16.12.2022 15:40
გამოიჩინეთ სიფრთხილე სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებისას - ემერჯენსის ექიმი
ახალი წელი ტრადიციით და თავისებურებით გამოირჩევა. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად უფრო აქტუალური ხდება ე. წ. „ხლაპუშკები“ და საახალწლო პიროტექნიკა, რომელზეც ხელი არასრულწლოვნებსაც მიუწვდებათ, თუმცა, ბავშვებისთვის მსგავსი პროდუქციის მიყიდვა იკრძალება კანონით და დასჯადია.

პიროტექნიკის ნაწარმი არც ისე უსაფრთხოა, როგორი მარტივიც მათი შეძენა გახლავთ. ექიმების განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში ყოველწლიურად ფიქსირდება საახალწლო პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად დაშავებული პაციენტების მიმართვიანობა. მართალია, ამ პროდუქციას ქართული ანოტაციაც მოჰყვება, სადაც მომხმარებელს შეუძლია, რომ გამოყენების წესებს გაეცნოს, თუმცა, მოხმარების წესების გაცნობას ბევრი სავალდებულოდ არ თვლის.

„ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა ახალი წლის დღეები, რომ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად არ დაფიქსირდეს კიდურის, თითების ამპუტაცია, მხედველობის დაკარგვა, სხვადასხვა სახის დაზიანება სახის არეში, ჭრილობები... დაშავებულთა შორის კი, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვები არიან, თუმცაღა, დაზარალებულები, ასევე, საშუალო ასაკის მოზარდები და მოხუცებიც არიან, რომელთა ოჯახის წევრმაც არასწორად გამოიყენა პიროტექნიკა. ამიტომ, გასათვალისწინებელია, რომ მშობლების გარეშე მცირეწლოვანმა ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ შუშხუნები, რადგან პატარებს უჭირთ ექსპლუატაციის წესების გაგება. გარდა ამისა, თავად მშობლებიც არ ეცნობიან მოხმარების წესებს, შესაბამისად, ხშირია დაზიანების ფაქტებიც. გთხოვთ, გააკონტროლოთ, რომ თავიდან აიცილოთ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად გამოწვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევები“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა იგორ გეორგიანმა.
გთავაზობთ რჩევებს, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ:
* ყურადღება მიაქციეთ საახალწლო პიროტექნიკის ვადას;
* აუცილებლად გაეცანით პროდუქტზე აღნიშნულ მოხმარების წესებს;
* ასაფეთქებლად გამზადებულ პიროტექნიკას ხელში ნუ დაიტოვებთ, აუცილებელია, რომ ე. წ. „ასაფეთქებელი“ ცეცხლის წაკიდებისთანავე გადააგდოთ ადამიანებისგან თავისუფალ სივრცეში;
* ე.წ. „მაშხალები“, რომელსაც ახალი წლის დადგომისას ფანჯრებიდან თუ აივნებიდან ისვრიან, საკმაოდ სახიფათოა. მათი უმრავლესობის მოხმარების წესი გულისხმობს მიწაზე დამაგრებას და ადამიანის რამდენიმე მეტრით მოშორებას;
* ბინაში ნუ აანთებთ და ნუ გამოიყენებთ საახალწლო პიროტექნიკას.
 
 
 
კვირის ამბები