საზოგადოება
16.12.2022 12:19
ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია ამერიკელმა ექსპერტმა შექმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა განხორციელდა, რაც კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
„მნიშვნელოვანია, რომ სიახლე უსინათლო ადამიანებს სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსებზე, სწრაფ და სრულფასოვან წვდომას სრულიად უსასყიდლოდ მისცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ააიპ „მარიანის“ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელმა ექსპერტმა – ჰარის მობრისმა შექმნა.
უნდა ითქვას, რომ ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება. ის უსინათლო ადამიანებს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს განათლების ხარისხს, უზრუნველყოფს ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას, ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ქმნის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა ინტეგრირებულია ღია წყაროს მქონე უფასო პროგრამა „ლიბლუიში“, რომელიც თავის მხრივ, ჩაშენებულია ეკრანის წამკითხველ სხვადასხვა პროგრამაში, როგორიცაა NVDA, JAWS და სხვა.
კვირის ამბები