1-ლი იანვრიდან შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება
2023 წლის 1 იანვრიდან შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლს; სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას; კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებას და განვითარებას.
„ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო /National Wine Agency of Georgia აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.