სამთავრობო კომისიის ფარგლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანთლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, - ამის შესახებ პარლამენტში, ,,მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
თეა ახვლედიანის ინფორმაციით, 2022 წელს, დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მლნ. ლარი შეადგინა.
„გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. 2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანათავმჯდომარეობით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანთლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება.
2022 წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მლნ. ლარს მიაღწია. ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის შედეგად, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-ზე მეტი ოჯახი; სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 6 სკოლისა და 8 საბავშვო ბაღისთვის. 2021-22 სასწავლო წლისთვის სახელმწიფომ 2400-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც გამოიყო 5 მილიონი ლარი. არსებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების და უკეთ ორგანიზების მიზნით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორ უწყებებთან ერთად კომისიამ დაამტკიცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა და წელს პირველად სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაფინანსების მისაღებად რეგისტრაცია გაევლოთ ელექტრონულად, სპეციალურად შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, რაც გაზრდის პროცესების მართვის ეფექტიანობას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
თეა ახვლედიანის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას, ვინაიდან, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდები სწორედ ის თაობაა, რომელმაც ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. ამ მიზნით, წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პირველად დანერგა და აამოქმედა ინიციატივა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც, საკონკურსო წესით გამოვლენილი გამარჯვებული 3000 ლარით დაჯილდოვდა. ეს ინიციატივა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება“, - აღნიშნა მინისტრმა.